"ეს იყო პასუხი ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის მცდელობაზე"

 

"ეს იყო ქუთაისის ღირსეული პასუხი "ქართულ ოცნებას"- ასეთ შეფასებას აკეთებს ნაციონალური მოძრაობის წევრი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. გიგა შუშანიას განმარტებით, "ქართული ოცნების" გაყალბების მცდელობების მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიციის საპარლამენტო კანდიდატმა დამაჯერებლად მოიგო ქუთაისში.

"ქართული ოცნების" მხრიდან მასიური გაყალბების მცდელობის მიუხედავად, იქნებოდა ეს მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების,  ღამით შუქების ჩაქრობისა თუ ბიულეტინების ჩაყრის ფაქტები, გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებლად მოიგო ქუთაისში. ეს იყო ქუთაისის ღირსეული პასუხი ხელისუფლებისადმი, მისი დამცინავი პოლიტიკისადმი, რომელსაც ეწეოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ქუთაისს წაართვეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, დაუსრულებელი, ჩავარდნილი პროექტები. მეორე ტურში საბოლოოდ დავუსვამთ წერტილს ბიძინა ივანიშვილის რუსი კანდიდატის გამარჯვებას. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააქტიურდეს მეორე ტურისათვის და მივყვეთ ყველა დარღვევას, რომ თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების მანიპულაციები," - განაცხადა გიგა შუშანიამ.