მთავრობა უახლოეს დღეებში ახალ გუბერნატორებს წარადგენს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს დღეებში ახალ გუბერნატორებს წარადგენს.

„ჩვენ უახლოეს დღეებში წარვადგენთ ახალ გუბერნატორებს. ისიც მინდა განვმარტო, რომ მე ნამდვილად არ ვაპირებ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავნიშნოთ ჩვენს რეგიონებში გუბერნატორები. საზოგადოებისთვის  წარდგენა ახალი გუბერნატორების ერთიანად მოხდება“, - აღნიშნა ბახტაძემ.

 პრემიერმა ასევე განმარტა, რომ მისი მთავრობა მთლიანად ცვლის რეგიონული მართვის სისტემას, რადგან დღეს არსებული სისტემა გამოწვევებს ვერ პასუხობს.

„ჩვენ ვცვლით მთლიანად რეგიონული მართვის სისტემას, გადავდივართ ახალ რეჟიმზე და ახალ სტრუქტურაზე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. იმ სისტემაში, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში დავნერგავთ, მათ მიეცემათ საშუალება რომ დაგვანახონ შედეგი, დაგვანახონ ეფექტური მუშაობა და რა თქმა უნდა, ჩვენ იმაზე კი არა ვართ ორიენტირებულები, რომ ძალიან მცირე პერიოდულობით გადაავადგილოთ ადამიანები, არა. ჩვენ ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ დავნერგოთ ახალი ეფექტური სისტემა. თუ ადამიანები შეძლებენ ამ ახალ ეფექტურ სისტემაში თავიანთი შედეგის ჩვენებას მოსახლეობისთვის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სისტემაზე, რომ მოსახლეობასთან გვქონდეს პირდაპირი კავშირი. სამწუხაროდ, დღეს არსებული სისტემა ამ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. ის ადამიანები, რომლებიც ამ ეტაპზე პოსტებს შეინარჩუნებენ, მათ ექნებათ საშუალება, პირველ რიგში მოსახლეობას აჩვენონ, რომ ისინი ამ ახალ სისტემაში ეფექტურად ფუნქციონირებენ“, - აღნიშნა ბახტაძემ.