ტელეფონები ქუთაისის მერიაში, სადაც მოქალაქეების ხმა არ ისმის

გასული წლის 25 დეკემბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიისთვის საზოგადოებრივი სატელეფონო მომსახურებისთვის 6 990 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა  "ახალმა ქსელებმა" და შპს "დატაკომმა" მიიღეს.  ტენდერში გამარჯვებული “დატაკომი“  ბოლო შეთავაზებით გახდა, რომელიც 555 ლარს შეადგენდა. კომპანიამ ტენდერი 2018 წლის 2 იანვარს მოიგო. “დატაკომის“  ვალდებულებაა უზრუნველყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიისათვის, 135 ნომრის 24 საათიანი საზოგადოებრივი სატელეფონო მომსახურება, ერთი წლის ვადით, 2018 წლის 1 იანვრიდან, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ოპოზიციის განმარტებით, სატელეფონო დანადგარები, რომელიც მოქალაქეს თანამდებობის პირთან აკავშირებს, არ ფუნქციონირებს.

„იმერეთი ნიუსი“ თემით დაინტერესდა და საკითხის მოკვლევა დაიწყო.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ მერიაში შპს „დატაკომის“ მიერ წარმოდგენილი პირობები ვერ შეამჩნიეს, სადაც ეწერა, რომ აპარატების სრულყოფილ მუშაობას ძვირადღირებული დანადგარები სჭირდებოდა.

„წლის დასაწყისში სატელეფონო მომსახურეობაზე ტენდერი გამოაცხადეს და პირობები „დატაკომს“ მოარგეს. მერიას კომპანიის წარმოდგენილი პირობები გაეპარა, სადაც ეწერა, რომ ამისათვის სპეციალური ტელეფონები იყო საჭირო. ამ დეტალს არ დააკვირდნენ და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათი ათასობით ლარიანი ტელეფონია შესაძენი იმისათვის, რომ სისტემამ იმუშაოს. აღნიშნული დანადგარის შეძენას ვერ ახერხებენ და შესაბამისად, უკვე 9 თვეა სატელეფონო მომსახურეობა გათიშულია,” - განმარტავს გიგა შუშანია.

აღნიშნული საკითხი, მისივე განმარტებით, მოქალაქეებს თანამდებობის პირებთან კომუნიკაციაში პრობლემებს უქმნის.

„ამ მომენტისთვის შეუძლებელია მოქალაქემ ადგილობრივი ტელეკომუნიკაციის საშუალებით დარეკოს. გარდა ამისა, ამ ნომერზე დაკავშირებით ისინი იღებენ საშვს, ნებართვას, რომ კონკრეტულ საჯარო მოხელეს შეხვდნენ. მაგრამ ახლა მხოლოდ პირად მობილურ ნომერზე უნდა დარეკონ და მოგეხსენებათ, ბევრი თანამდებობის პირის პირადი ნომერი მიუწვდომელია, შეუძლებელია მოქალაქისთვის მისი გაგება. ამიტომ უჭირთ კომუნიკაცია. იგივე პერიოდია ჩვენი ფრაქციის ცხელი ხაზი არ ფუნქციონირებს, ბუკლეტების დაბეჭდვა მოგვიწია,სადაც ფრაქციის ოთხივე წევრის მობილურის ნომერი იქნებოდა აღბეჭდილი კარდაკარ ვარიგებდით, ასეთ სირთულეებთან გვაქვს საქმე”, - გვეუბნება შუშანია.

ოფიციალურ დოკუმენტაციაში, რომელიც ტენდერშია აღნიშნული, ვკითხულობთ: „მიმწოდებელმა" გარდა 130 ნომრისა, უნდა უზრუნველყოს 5 ახალი სატელეფონო ნომრის გამოყოფა, ტექნიკური პირობების უზრუნველყოფა და მერიის შენობაში არსებულ გამანაწილებელ კარადამდე მიყვანა.“ შპს „დატაკომის“ დირექტორი ავთანდილ ლომინაძე ამბობს, რომ კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებს, რაც ტენდერის პირობებშია აღნიშნული.

„კომპანია თავის ნაკისრ ვალდებულებას ტენდერის პირობების თანახმად პირნათლად ასრულებს,“ - განმარტავს ავთანდილ ლომინაძე შპს „დატაკომის“ დირექტორი.

თუ როგორ მუშაობდა და რამდენად გამართული იყო აპარატები წინა სატენდერო პირობების დროს, როცა მერიას სხვა კომპანია ემსახურებოდა, ამის გასარკვევად „იმერეთი ნიუსმა“ გასული წლის ტენდერები მოიძია, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია „ახალი ქსელები“ ახალი ტენდერის გამოცხადებამდე მერიას სატელეფონო მომსახურეობას უწევდა, მას ხელშეკრულება 8 175 ლარიან ტენდერზე ერთ წლის განმავლობაში გაუფორმდა.

წარმოდგენილ ფასში, მხოლოდ სატელეკომუნიკაციო მომსახურეობა მოიაზრებოდა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეუზღუდავად, დამატებითი დანადგარისა და მოწყობილობების გარეშე. „ჩვენ ამ შემთხვევაში სატელეკომუნიკაციო მომსახურეობას ვუწევდით ქალაქის მერიას, ხაზები შეუფერხებლად მუშაობდა, ყოველგვარი დამატებითი დანადგარისა და მოწყობილობის გარეშე,“ - განმარტავენ „ახალ ქსელებში“.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე, თუ რატომ არ ფუნქციონირებს სატელეფონო მომსახურეობა, ან მუშაობს თუ არა ის კონკრეტული ხაზი, რომელსაც კომპანია ”დატაკომი“ აწვდის, პასუხს არ გვცემენ და განმარტავენ, რომ ტელეფონები სადაც უნდა მუშაობდეს, მუშაობს.

„აღნიშნულ საკითხზე განმარტება ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ. მისაღებში, კანცელარიაში და ყველგან, სადაც საჭიროა ტელეფონი მუშაობს. დანარჩენზე „დატაკომს“ დაუკავშირდით,“ - გვპასუხობენ მერიაში.

ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანია „დატაკომი“ ერთი წლის განმავლობაში უნდა მოემსახუროს მერიას, რამდენიმე თვეში იწურება. დეკემბრიდან აღნიშნულ მომსახურეობაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება. თუმცა რამდენად გაამართლა 6 990 ლარიანი ტენდერის 555 ლარიანმა მომსახურეობამ, ეს იმ მოქალაქეების დაკმაყოფილებულ მოთხოვნებზე აისახება, რომლებმაც კონკრეტულ მოხელესთან დაკავშირება სცადეს, თუმცა მათი გასაჭირი დროებით მიუწვდომელი აღმოჩნდა.