შიდატურიზმი - პრობლემები და გამოწვევები

მრავალფეროვანი ბუნება, ტრადიციული ქართული სამზარეულო,  ისტორიული ძეგლების სიმრავლე, კურორტები, მინერალური წყლები და ჩანჩქერები  ტურისტების ინტერესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწვევს. მზარდი პროცენტული მაჩვენებელი ცალსახა მტკიცებულებაა, რომ  საქართველო ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა. თუმცა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აფერხებს ზემოთ ჩამოთვლილ პოტენციალს.  

ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით, ქუთაისის ტურიზმის ცენტრის დირექტორს ვესაუბრეთ. ტატო ლილუაშვილის განმარტებით, ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით ქუთაისის ტურიზმის ცენტრი არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაც იგეგმება.

„შიდა ტურიზმის განვითარებისთვის წელს პირველად ქუთაისში „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში იყო ჩამოსული თითქმის ყველა მედიასაშუალება, რომლებმაც მოინახულეს ქალაქი და გაეცნენ ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს.  ეს იყო ყველა საინფორმაციო საშუალებაში რეკლამის სახით გასული ინფორმაცია ჩვენი ქალაქის შესახებ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მარკირებაზე იყო მოთხოვნა და უკვე გვაქვს ტენდერი რამდენიმე ათეულ ობიექტზე, მომდევნო თვეში უკვე იქნება დასრულებული აღწერილობა ქართულ და უცხოურ ენაზე და  მოხდება ძეგლების ანოტაცია, თუ ვის ეკუთნის და რა ისტორია აქვს.  ჩვენთან მოსული სტუმარი იღებს ყველა ინფორმაციას ქუთაისის შესახებ,“ - განმარტავს ლილუაშვილი.

შიდა ტურიზმის პრობლემების შესახებ ქუთაისელი მოლაშქრეები განმარტავენ, რომ ხშირად ბილიკებისა და ნიშნულების გარეშე უწევთ გზის გაგნება.

„მარკირება ხშირ შემთხვევაში არ არის, თუმცა ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც ეტყობა, რომ ხელით არის გაფუჭებული, დაზიანებულია ბოძები, მოტეხილი ან მოღუნული. ოკაცეს კანიონიდან ფეხით არის შესაძლებელი გადასვლა ონიორეს და ტობას ჩანჩქერზე, თუმცა შესაბამისი მარშრუტი არ არის შედგენილი. ჯერ კიდევ ბევრი სანახაობაა ისეთი, რომლის მარშრუტის დამუშავება და მარკირებაა შესაძლებელი.  იმერეთის დიდი ნაწილი აუთვისებელია ტურისტულად. განსაკუთრებით ზემო იმერეთი. ამ გაზაფხულზე კაცხის სვეტიდან გადავედით ხრეითში და მიუხედავად იმისა, რომ გზის ცოდნის გარეშე დავდიოდით, საკმაოდ საინტერესო ადგილები მოვინახულეთ,“ -განაცხადა გივი არიშვილმა.

არიშვილი  ყურადღებას  დაბინძურებულ გარემოზე ამახვილებს. მისი თქმით, ეკოლოგიურ პრობლემებს თავად ტურისტები ქმნიან.

„ყველაზე მეტად ყურადღების გამახვილება შემიძლია ნაგვის დაყრაზე. ისეთ ადგილებში მინახავს, გამკვირვებია,“ - განმარტავს არიშვილი.

მოლაშქრეთა კლუბების წარმომადგენლებიც გზებისა და ნიშნულების არქონაზე აქცენტირებენ. მათი განმარტებით, შიდა ტურიზმის ერთ-ერთი დიდი პრობლემა სწორედ მოუწესრიგებელ გარემოზე გადის. თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ ტურისტული ობიექტების მიმზიდველობას მაღალი ფასები აქვეითებს.

„პირველი პრობლემა შიდა ინფასტრუქტურა მოუწესრიგებლობაა. არ ხდება გზებისა და ნიშნულები განთავსება. ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ სამაშველო ვერტფრენი არ ჰყავთ. მყინვარწვერზე წელს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ამის გამო. ასევე სირცხვილია უპირატესობას უცხოელებს ტურისტებს რომ ანიჭებენ. ამის გამო ფასებიც ძალიან მაღალია. ტურიზმის სამსახურებში ხალხს იმის მიხედვით იღებენ, უმუშევრობა შეამცირონ და არა იმიტომ, რომ საქმე გააკეთონ. სამწუხაროდ, ამიტომაც ვერ მუშაობს რეგიონებში ტურიზმის სამსახურების 90% - ი,“ - განგვიმარტავს ქუთაისის მოლაშქრეთა კლუბის „მთანი მაღალნი“ წარმომადგენელი შალვა ხუციძე.

საქართველოში შიდა ტურიზმი ახლა იკიდებს ფეხს, თუმცა არსებული ინფრასტურქტურილი პრობლემებისა და არასაკმარისი ფინანსების  გამო, მოხდება თუ არა ამ მიმართულების განვითარება, ჯერჯერობით უცნობია.

 

რეკლამა 

"ბარაქა" შენს სახლში. #დაგვირეკედამოგიტან (0431) 221022 ქუთაისის "ბარაქას" გამოძახების სერვისი.

Posted by ბარაქა დელიკატესები on ოთხშაბათი, 21 მარტი, 2018

აქ უნდა იყოს შენი ბიზნესის რეკლამა! 150000 ქუთაისელი ვიზიტორი! რეკლამა 100 ლარიდან. ადგილობრივ ბიზნესზე მორგებული პირობები. დაგვირეკეთ +995 591 939 411

Posted by imereti.news on სამშაბათი, 25 სექტემბერი, 2018